მზის სისტემის მიჯნაზე პირველადი წყლის კვალი აღმოაჩინეს

მზის სისტემა იმაზე გაცილებით მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. დედამიწის ზედაპირის დიდი ნაწილი წყლითაა დაფარული, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ოდენობაა იმ უზარმაზარ მარაგთან შედარებით, რომელიც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოშია თავმოყრილი.

წყლის დიდი ნაწილი ყინულის სახით გიგანტური პლანეტების თანამგზავრებშია მოქცეული. მზის სისტემის კიდეში, ნეპტუნის მიღმა, კიდევ უფრო მეტი ყინულია. სწორედ აქ მდებარეობს კოიპერის სარტყელი — მილიონობით ყინულოვანი ობიექტის ერთობლიობა, რომელიც, სავარაუდოდ, წყლის უზარმაზარ მარაგს შეიცავს. ახლა კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ამ შორეულ რეგიონში წყალი, შესაძლოა, დედამიწაზე არსებულისგან განსხვავდებოდეს.

მკვლევრებმა კოიპერის სარტყლიდან დედამიწამდე მოღწეულ კოსმოსური მტვრის ნაწილაკებში პირელადი წყლის ქიმიური კვალი აღმოაჩინეს. ეს მიანიშნებს, რომ მზის სისტემის კიდეში წყლის მარაგი მილიარდობით წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა და მზესთან უფრო ახლოს მიმდინარე ქიმიური პროცესების გავლენას გადაურჩა.

NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის პლანეტოლოგ ლინდსი კელერის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის ავტორების თქმით, "ეს დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ აირის გიგანტი პლანეტების ორბიტებს მიღმა მძიმე წყლის მნიშვნელოვანი მარაგი არსებობდა, რომელიც მზის სისტემის შიდა ნაწილში არსებულ მატერიასთან თითქმის არ ურთიერთქმედებდა".
#მეცნიერება #კოსმოსი
https://on.ge/story/161713-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1